Recent Articles:

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს

წყარო: Presage.TV

გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო!

პირველ რიგში, მინდა განგიმარტო, რატომ გელაპარაკები შენობით – ქართველ კაცს ორი სალოცავი ჰყავდა მუდამ: მეფე და ღმერთი, და ორივეს შენობით მიმართავდა. შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არცერთ მათგანზე მეტად არ მიმაჩნიხარ და შესაბამისად, არცერთ მათგანზე მეტად საპატივცემულოდ არ მოგმართავ.

გწერ მზიანი ქიზიყიდან. კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონიდან.

თუ არ გახსოვს, რომელია დედოფლისწყაროს რაიონი, ვეცდები, გაგახსენო: ეს ისაა, რომლის არსებობაც რუსებს შენზე და შენი გუნდის წევრებზე ადრე გაახსენდათ და 2008წლის აგვისტოში დაბომბეს.

კიდევ რომელია, იცი? მხოლოდ მაშინ რომ ახსენდებათ შენს ტელევიზიებს, თუ ბავშვს გველი უკბენს, ან თუ ცოლი ქმარს ნაჯახით აკუწავს.

აბა, კიდევ რითი გაგახსენო? აი, შენ რომ სიღნაღი გაარემონტე და ააღორძინე, ხომ გახსოვს? სიყვარულის ქალაქი რომ უწოდე, რომლის შენობების რესტავრირებული სახურავები საეჭვოდ წააგავს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილას შენობების სახურავებს, ხომ გაგახსენდა? ტურისტულ ცენტრად რომ აქციე და ღვინის ფესტივალს რომ მართავ ხოლმე უცხოელებისთვის, სასტუმროები რომ გაიხსნა და 24-საათიანი უწყვეტი ელექტროენერგია რომ მიეწოდება – აი, მაგ სიღნაღის გვერდით მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონი, რომელშიც მე ვზივარ ახლა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა რადისტის სიჩქარით ვკრეფ ამ ტექსტს, იმიტომ, რომ შუქი როდის ჩამიქრება, არ ვიცი!

ჰო, ბატონო პრეზიდენტო, შეხვედრებზე ხალხის წრეში აბდუშაჰილივით რომ დადიხარ ხოლმე: შევარდნაძის დროს სიბნელე იყო და მე გავანათე საქართველოო – დედოფლისწყაროში ახლაც სიბნელეა, ბატონო პრეზიდენტო! დღე არ გავა, რომ შუქი არ ჩაქრეს, წყალი არ შეწყდეს და ძალიანაც რომ დაგაინტერესოს, პასუხის გამცემიც არავინაა, თუ რატომ ხდება ეს.

სჯობს, ახლა თემა შევცვალო, თორემ შენი მაქებარ-მაძაგებლების ამბავი რომ ვიცი (ერთი ყაიდისანი არიან ორივენი და იმიტომ დავწერე ერთად), პროვინციელობას დამაბრალებენ და თუ გაიგეს, რომ ინგლისურზე უკეთ რუსული ვიცი, არც სიტყვა „მეინსტრიმის“ მნიშვნელობა მესმის და არც თბილისში ვარ დაბადებული, შესაძლოა, ქსენოფობია და რუსეთის აგენტობაც კი დამწამონ (ასე იციან ხოლმე შენმა მტრებმაცა და მოყვარეებმაც – სხვას რომ ვერაფერს უპოვნიან ადამიანს საშაროს, ქსენოფობიასა და რუსეთის აგენტობას აბრალებენ ხოლმე).

გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო!

დავიწყოთ იმით, რომ მადლობა მინდა, გადაგიხადო.

მადლობა იმიტომ კი არა, რომ სიღნაღი გაარემონტე, ან ბათუმი დაამშვენე, ან ქუთაისი ააყვავე.

არც იმიტომ, რომ კრიმინალი შეამცირე, ან ბიზნესი გაამარტივე, ან კორუფციას ებრძვი.

მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დაგვანახე, რა ნაგავი სუფევს ჩვენს გარშემო!

შენმა მმართველობამ გამოავლინა და დღის შუქზე გამოიყვანა ხალხი, რომლის ნდობაც, თურმე, არ შეიძლება. ხალხი, რომელთა მოღრეცილ ტვინებშიც „მოდელირებული ქრონიკის“ იდეა ჩაისახა, სცენარი დაიწერა და განხორციელდა – მათი გამოაშკარავებისთვის – გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო!

შენს მიერ დასაქმებული, ყლინჯდამშვენებული (ჰალსტუხს ნიშნავს ქართულად) და ჯიპოსანი პიროვნებების გვერდით უფრო კარგად ვჩანვართ სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს ქვემოთ მყოფი არსებები, რომელთაც პიროვნებებად აღარავინ აღგვიქვამს. იმიტომ კი არა, რომ ქმედუუნარონი ვართ – არა, უბრალოდ ინგლისური არ ვიცით ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ!

შენს მიერ გალამაზებული ქალაქების ფონზე უფრო კარგად ჩანს ჩამონგრეული, დაძონძილი და გაუბედურებული ქალაქები, რომელთაც შენი ყოვლისმხილველი მზერა ჯერ არ მიპყრობია, და თუ კონსტიტუციას დავუჯერებთ, ვეღარც უნდა მიაპყრო, იმიტომ რომ შენი წასვლის დრო ახლოვდება.

სანამ წასვლის დროზე გეტყოდე ორიოდ სიტყვას, მინდა გაგახსენო, რომ შენს მიერ გაკეთებულ გზებზე ისევ ის გასაცოდავებული, დაბეჩავებული და ღირსებააყრილი ხალხი დადის, რომელიც მანამდე დანგრეულ გზებზე დადიოდა. ისევ იმ ექსპლუატაციისვადაგასული, ევროპელების გამონაცვალი მანქანებითა და გაძვირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომლითაც მანამდე დადიოდა.

მაგრამ რაც ყველაზე მთავარია – ეს ხალხი არსად მიდის, ბატონო პრეზიდენტო! არ მიდის არა იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვს, ან საზღვარგარეთ ვერ მიდის – არა, უბრალოდ არსად მიდის, იმიტომ, რომ შენს მიერ დაგებული არცერთი გზა სამსახურამდე არ მიდის, ბატონო პრეზიდენტო!

გზა რომ კეთდება, ძალიან კარგია, მაგრამ გზის ფუნქცია ერთადერთია – მან ადამიანი სადმე უნდა მიიყვანოს. ჩვენთვის კი ეს „სადღაც“ დიდი ხანია, არსადაა! მეგობრებთან ვერ მივდივართ – არ გვინდა ხელცარიელი მისვლა, სამსახურში ვერ მივდივართ – არ გვაქვს, ნათესავებთან ვერ მივდივართ – უფულო და უსამსახურო ნათესავს კი არა, ოჯახის წევრებს აღარ ვჭირდებით – და ვდგავართ ასე, შენს მიერ გაკეთებული, განათებული და გალამაზებული გზის პირას და ხელის გაწვდენა გვაკლია მათხოვრობამდე (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით). … Continue Reading

ყველაზე ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს

ვხედავ რა, როგორ გებრძვიან საქართველოს შიდა მტრები, გადავწყვიტე მხარში ამოგიდგეთ და დაგეხმაროთ, რითაც შემიძლია.

თქვენი დრო და ენერგია რომ აღარ დაიფანტოს კანონებში ყოველდღიური წვრილ–წვრილი, მაგრამ საჭირო ცვლილებების შეტანაზე და დაჩქარებული წესით მიღებაზე, ჩემი დახმარების პირველ ეტაპზე შემოგთავაზებთ ცვლილებათა მთელ, ამომწურავ პაკეტს. ხოლო თქვენ გამოთავისუფლებული დრო მოახმარეთ ქვეყნის აღმშენებლობას და მსოფლიო პოლიტიკის ძვრებს.

მაშ ასე, ცვლილებათა მთელი, ამომწურავი პაკეტი:

  1. აეკრძალოს ბიძინა ივანიშვილს 100 მეტრზე მიახლოება საკუთარ საკრედიტო ბარათებთან, საფულესთან, ბანკებთან, ჯიბესთან და ეს აკრძალვა ავტომატურად გავრცელდეს მისი ოჯახის ყველა წევრზე.
  2. აეკრძალოს ბიძინა ივანიშვილს სარგებლობა მობილურით, ინტერნეტით და ყველა იმ საშუალებით, საიდანაც მას შეეძლება დაამყაროს კონტაკტი პოლიტიკურ, ან ბიზნესპარტნიორებთან და ეს აკრძალვა ავტომატურად გავრცელდეს მისი ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე.
  3. მაღალი (დაახლოებით 4მ. სიმაღლის) მესერით შემოიღობოს ყველა ის ტერიტორია, სადაც კი “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნება და სასწრაფოდ დაიწყოს იქ სარემონტო სამუშაოები.
  4. კიდევ უფრო მაღალი (7 მ.) მესერით შემოიღობოს ბოტანიკური ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია შენობა–ნაგებობების ჩათვლით და სასწრაფოდ ჩატარდეს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გადაუდებელი სამუშაოები, ხოლო 2 მეტრზე მაღალი შენობა–ნაგებობები ჩამოერთვათ ძველ მფლობელებს და გადაეცეს საპატრულო პოლიციას. ძველი მფლობელები განსახლებულ იქნან ფოცხო–ეწერში, კომფორტულ ოროთახიან ბინებში, მათ მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოყენებულ იქნას შსს ქვედანაყოფები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საარტილერიო და საავიაციო ქვედანაყოფები, ჟურნალისტებს კი აეკრძალოთ სპეცოპერაციის, ანუ ძალოვანთა ენაზე “სპეცორაციის” გაშუქება.
  5. აეკრძალოს ბიძინა ივანიშვილს 100 მეტრზე მიახლოება საკუთარ მეუღლესთან, მისთვის აზრის გაზიარება და თვალებით კონტაკტი.
  6. გამოიძებნოს რუსეთსა და საფრანგეთში 10–12 თვითმარქვია ყოფილი მეუღლე ბიძინა ივანიშვილისა, რომლებსაც ჰყავთ ქერა და ლურჯთვალება ბიჭუნები, ბერას და მისი სულ პატარა ძმის (სახელი დამავიწყდა) მსგავსი. ბიჭუნებს ასევე ერქვას ბერა და ყველანი რეპავდნენ ქართულ ოცნებაზე, რათა თქვენი, ბატონო მიხეილ, საავადმყოფოების გახსნის დროს სიტყვით გამოსვლები გახდეს უფრო კოლორიტული და სახასიათო ( თქვენი სურვილის შემთხვევაში სიტყვებსაც დაგიწერთ ხოლმე).
  7. გამოცხადდნენ თვითმარქვია მეუღლეები ეკა ხვედელიძის თანამეუღლეებად, დაქორწინებულ იქნან ბიძინა ივანიშვილზე თვითონ ბიძინას თანხმობის გარეშე და გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს უამრავი ქორწინების მოწმობა, რომლებიც არ იქნებიან საჭირო მისი (ბიძინას) საჭიროებისამებრ დასაქორწინებლად და განსაქორწინებლად მომავალში.
  8. 10–12–მა თანამეუღლემ განაცხადოს პრეტენზია ივანიშვილის ქონებაზე და თვითოეულმა შეიტანოს საჩივარი საქართველოს რეფორმირებულ სასამართლოში.
  9. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაყადაღდეს ბიძინა ივანიშვილის ქონება და გაიყინოს საბანკო ანგარიშები (ვვარაუდობ დაახლოებით 2014 წლის 15 იანვრამდე).
  10. გადაეწვას მიკროსქემები ივანიშვილის ტელევიზიისთვის ჩამოტანილ აპარატურას.
  11. რადგან ეს არის ყველაზე ღია წერილი და მიზნად ისახავს სააკაშვილამდე მიღწევას, ყველა ფრენდის და არაფრენდის მიერ მანამდე გაშეარდეს ქვეყნის სასიკეთოდ, სანამ არ მიაღწევს სააკაშვილამდე.

ცვლილებათა პაკეტს მივიღებ ერთი მოსმენით მე თვითონ დღეს 12 საათზე, ხელს მოვაწერ პირველის ნახევარზე და ძალაში შევა პირველზე.თქვენ ნუ მოცდებით ამაზე, ბატონო მიხეილ, იღვაწეთ!

პაკეტი იქნება ელასტიური და მუდამ განახლებადი.

თუ მტერი გაეშმაკდება და ბრძოლის სტრატეგიას შეცვლის, საჭირო ცვლილებებსაც მე შევიტან ხოლმე ამ პაკეტში დღეში სამჯერ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, თქვენ ნუ შეწუხდებით, თქვენ მხოლოდ ჭამაზე შეწუხდით.

11–ე პუნქტის დაცვას პირადი კონტროლის ქვეშ ვიღებ.

ხელფასი დიდი არ მინდა, თქვენი შემოსავლების 10 %– დავჯერდები, ქალი უნდა ეყოს ჯამაგირს.

ნინო გუგეშაშვილი

წყარო: Facebook

ლეიბორისტების წერილი ობამას

“ქართველი ხალხისთვის დიდი ხანია გასაგებია, რომ თქვენი მარიონეტი სააკაშვილი გირჩევნიათ მთელ ჩვენ ქვეყანას, მის კულტურას, ისტორიას, დღევანდელობას და საქართველო გჭირდებათ გეოპოლიტიკური განტევების ვაცად, სადაც იცხოვრებს მხოლოდ ბედნიერი მმართველი ელიტა, თქვენი მრჩევლებით, ხოლო მონები, ანუ ჩვენ, ქვეყნიდან უნდა გავიქცეთ ან დავიხოცოთ.

ისიც გასაგებია, რომ საქართველო თქვენი უუფლებო მონა-კოლონია რეზერვაციაა, რომელსაც წაართვით დამოუკიდებლობა და გადატრიალების გზით მოიყვანეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც პატიობთ ყველაფერს, მათ შორის მკვლელობებს, დარბევებს, დემოკრატიის მოსპობას, ტერორიზმს, საკუთარი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ღამეულ დაბომბვას, პოლიტპატიმრებს. იმასაც შევეგუეთ, რომ არჩევნების ჩატარება აკრძალეთ და როგორც ვაშინგტონში დაწერთ, ისეთი შედეგი დაიდება, შევეგუეთ ჩვენი ქვეყნის რუსეთთან დაპირისპირებულ მძევლად გამოყენებას, რამაც ჩვენი სამშობლო სამ ნაწილად დაშალა, ხოლო თქვენ შემდგომ მოსკოვთან მსუყე ვაჭრობის საფუძველი მოგცათ.

ჩვენთვის ისიც ცხადია, რომ ვინც აკრიტიკებს რეჟიმს, ყველა ამერიკის მტერი და რუსეთის აგენტია, მათ შორის ქართული ეკლესია.

გაუგებარია ერთი რამ, ნუთუ ისე არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, რომ საქართველოში ელჩად კაცობრიობის მტერი, დიკ ჩეინის ჩინოვნიკი, ჯონ ბასი დანიშნეთ, რომელიც კომუნისტების დროს მოსკოვიდან დანიშნულ ცეკა-ს მეორე მდივანზე უარესია და უფრო მეტიც, როგორც ფსიქიატრები იტყვიან, კონტაქტშიც კი ვერ შედის ვერც ერთ ფენასთან, გარდა სააკაშვილის გახრწნილი რეჟიმისა და თქვენს მიერ დანიშნული ოპოზიციისა. ელჩი, რომელიც პირდაპირ იძლევა განკარგულებებს პოლიტიკური მიტინგების სასტიკი დარბევებისა და ხალხის დაჭერაზე სხვა არაფერია, თუ არა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი პროკურორი.

რაც მეტ ხანს დატოვებთ ხალხისთვის საძულველ პიროვნებას პოსტზე, მით უფრო მალე განადგურდება თქვენი ქვეყნის ისედაც შერყეული ავტორიტეტიც, რაც მხოლოდ საკუთარ პოლიტიკას შეგიძლიათ დააბრალოთ”

ლეიბორისტული პარტია

21.02.2012

წყარო: IPN

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მაესტროს თანამშრომლებისადმი

ყურადღებით ვაკვირდები თქვენი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვხედავ, როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვადასხვა ავანტიურისტების ხელით მოსპოს თავისუფალი სიტყვის ის ნაშთებიც კი, რომელთა შენარჩუნებაც თქვენი და თქვენი კოლეგების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. კარგად გვახსოვს, თუ როგორი დარტყმა იყო ქართული საზოგადოებისათვის „იმედის“ განადგურება და, აშკარაა, ხელისუფალმა მიიჩნია, რომ უკვე შესაძლებელია მასირებული შეტევა მედიაზე და, ბეჭდურ მედიასთან ერთად, თქვენი რიგიც დადგა.

როგორც ჩანს, მან ვერ გააცნობიერა, რომ თქვენ გაქვთ ის, რისი დათრგუნვაც შეუძლებელია: თავისუფალი სიტყვისა და თქვენი პროფესიული ღირსების ერთგულება.

მე დავუშვი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ვენდე დღევანდელ ხელისუფალთა კეთილ ზრახვებს და დავხურე მე-9 არხი. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, დავიჯერე მათი ლიბერალური და დემოკრატიული რიტორიკის. ამ დახურვით უნებურად ხელი შევუწყვე დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლერებას.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და, შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად. ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს.

მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. სწორედ, თქვენისთანა ადამიანები ქმნიან ქვეყნის უკეთეს მომავალს!

ბიძინა ივანიშვილი

სოლომონ თერნალელი ია ანთაძეს

ია,

თემურ ჭკუასელმა, როგორც კარგმა მეგობარმა, სწორედ ისე წაიკითხა ეს ბლოგი, როგორც მეგობრობით მიკერძოებული ადამიანი წაიკითხავდა. მის ადგილზე, ალბათ, მეც ასეთ წერილს დავწერდი. მე ვიცი, რომ თქვენ “საქართველოსთან შეხვედრაში” სულ სხვას გულისხმობდით, და არა იმას, იყო თუ არა ნამყოფი ბიძინა ივანიშვილი ფშავში თუ სვანეთში და იცის თუ არა მან ქართული ადათ-წესები. ან რამდენად მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხში გაერევა და უბრალო ადამიანებთან საუბარს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანივით გააბამს. დიდად არ გამკვირვებია, რომ სწორედ ასე იქცევა.

თქვენ გინდათ, ია (თუ მე სწორად გავიგე), რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი სახელით და გვარით მივიდეს ქართველებთან, გაეცნოს მათ და ჰკითხოს, რა უჭირთ და როგორ უჩანთ საქართველოს გადარჩენა.

თქვენ გინდათ, რომ იმ უამრავ კარგ მოქალაქეს, გულანთებულ პატრიოტს და სიმართლის მსახურ მოუსყიდველ ადამიანს (მაგალითად, ხარაგაულელ იზა ვეფხვაძეს ან ბათუმელ ეთერ თურაძეს), რომელთაც თქვენ – ია ანთაძე – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი სტუმრობებიდან და თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობთ, მიეცეს ბიძინა ივანიშვილთან უშუალოდ შეხვედრის და საუბრის საშუალება. რითაც ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მეტად გაიცნობს საქართველოს ჭირ-ვარამს და ეცოდინება, ვინ არის ჩვენში ”მარილი მიწისა”, – ის ხალხი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება და რომლებიც არსებულმა არანორმალურმა ხელისუფლებამ ან ბატონი ტულივით (ნათელში ამყოფოს!) ჩარეცხა, ან უნდა, ქალბატონი იზასავით მოიშოროს! და ეს სურვილი არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი!

არა მგონია, თავად ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ამის მსურველი! ნებისმიერი კარგი მენეჯერის ამოცანაა, არა ის, რომ წინასწარმეტყველივით მიხვდეს, რა უნდა აკეთოს, არამედ თავის ხალხთან მუდმივი შეხვედრებით განსაზღვროს, რაა პირველი რიგის ამოცანა, და რა – მოითმენს, სად იყო შეცდომები დაშვებული და როგორ ავიცილოთ ისინი მომავალში. და ამ საქმეში, რაც უფრო სწორად აარჩევს იგი ადამიანებს – არა პირადი ერთგულების, არამედ საქმის ერთგულების, ნიჭისა და პროფესიონალიზმის ნიშნით, და რაც უფრო მეტად შეძლებს, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი და იგივე ”რჩეულთა” თვალებით არ უყუროს ზემოდან საქმეს და ქვეყანას, მით უფრო კარგი და სწორი იქნება მისი მენეჯერობა და მმართველობა. … Continue Reading

თემურ ჭკუასელის წერილი ია ანთაძეს

ქალბატონო ია!

წავიკითხე თქვენი წერილი „შეხვედრა სამშობლოსთან“. „ქართული ხმები“ ასეთი ცნობილი სოლისტების გვერდით რომ გყავთ მოხსენიებული, ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ მადლობასთან ერთად, მსურს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ იმ ნაფიქრალიდან, თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ რომ მომეძალა.

ჯერ გაგეცნობით: თემურ ჭკუასელი ვარ, „ქართული ხმების“ დამფუძნებელი, წევრი, წარსულში აქტიური ჟურნალისტი, სცენარებსაც ვწერ ხანდახან და ბოლო დროს, ვატყობ, ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობაც პროფესიად გადამექცევა. კიდევ ვაკეთებ რაღაცას, მაგრამ ამაზე – ქვემოთ მოგახსენებთ.

აი, ასეთი ხუმრობანარევი შესავლის შემდეგ უფრო მიადვილდება მთავარ თემაზე გადასვლა.

ილიას მარადიული კითხვით „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?“ იწყებთ მკითხველთან საუბარს. ამ კითხვის შემდეგ რაც წავკითხე, იმის შეფასებას, ალბათ, ისევ ილიას სიტყვები მოუხდება: „ათი ათასჯერ არაფერი, მაინც არაფერია“.

უკვე მერამდენედ ცდილობთ, ქალბატონო ია, ისაუბროთ არაფერზე და ამტკიცოთ, რომ ეს არაფერი, თურმე ყველაფერია. ნუთუ სერიოზულად შეიძლება იმაზე მსჯელობა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაეობა ჩამოართვეს და ამ ფაქტში თურმე, ღრმა კანონზომიერება ყოფილა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, თურმე ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს თავად ბიძნა ივანიშვილს.

ქალბატონო ია, ამ შესავლის შემდეგ თქვენს მიერ ნათქვამი ნებისმიერი საღი აზრიც კი უკვე უაზრო ხდება, რადგან პირველი აკორდის კაკაფონიურმა ჟღერადობამ , პრაქტიკულად, ყველაფერი გადაფარა და მერე რაც წერია, ის უკვე აღარ ისმინება. იცნობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეყანას? ესმის თუ არა მას ქართველი ხალხის?

უმჯობესი იყო, ქალბატონ ია ანთაძეს ამ კითხვების საპნის ფერადი ბუშტებივით ჰაერში დაჭერა კი არ ეცადა, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეკითხა და მისის პასუხები საზოგადოებისათვის გაეცნო. მაგრამ რადგან მან ეს ვერ მოახერხა, ანდა შეხვედრის დროს სულაც გადაავიწყდა, განა იძლევა იმის უფლებას, რომ ამ კითხვებს განაჩენი თავადვე გამოუტანოს? ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში კარჩაკეტილად ცხოვრობდა და შესაბამისად, „რა უნახავს მას საქართველოში: ქართლში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, აფხაზეთში, სამცხე-ჯავახეთში, ხევსურეთში, ფშავში, სვანეთში სტუმრობისას…“

ქალბატონო ია, შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე 9 წელიწადია, მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და მიუხედავად რამდენჯერმე ჩვენი თავზეხელაღებული შეტევისა, ერთად გავსულიყავით სადმე უცხოეთში, არაფერი გამოგვივიდა. მუდმივად უარს გვეუბნებოდა ერთადერთი მიზეზით, საქართველოდან წასვლის კი არა, გასვლას სურვილიც აღარ მაქვსო. იგი მუდმივად აქაა, მშობლიურ გარემოში და თავის ხალხს და სამშობლოს, როგორც თქვენ ამბობთ, ტელევიზორის დიდი ეკრანიდან კი არა, საკუთარი „ეზოს გადაღმა ხვდება“. … Continue Reading

მარტივად გამოგზავნეთ თქვენი წერილი:

დარეგისტრირდით თქვენც!

უახლესი წერილები

წერილების არქივი

მკითხველთა აზრები

  • iAdmin: done :)...
  • მანქი: ეს ფლეშმობი პრაპორშჩიკის იდეით და მის...
  • არქიფო სეთური: დათა თუთაშხია ამის დაწერილი იყოს, მეტ...
  • will: მიდი შალვა ახალი დარდუბალა გვინდა :D...
  • სალომე: რამ გაგამწარათ ბატონო აქუ ასე ძალიან?...
  • Katiee.Ge: არა, სულ ცუდი ხომ არ მოხდება :D ხანდა...
  • ლიტერატორი: მეთქი რაღაც ცუდი უნდა წამეკითხა (ჩემი...
  • longbowman: თუ მე მეხება მე რეზერვიც მაქვს მოვლილ...

რეგისტრირებული ავტორები

Plugin from the creators of Brindes Personalizados :: More at Plulz Wordpress Plugins